2020
მზრუნველობა სატაძრო მსახურების მეშვეობით
მარტი, 2020 წ.


მზრუნველობის პრინციპები, 2020 წ. მარტი

მზრუნველობა სატაძრო მსახურების მეშვეობით

როცა ვეხმარებით სხვებს, დატკბნენ ტაძრის კურთხევებით, ჩვენ ამით მზრუნველობას ვუწევთ მათ.

გამოსახულება
ministering

ფონი: ტეგულიგალას ტაძრის სურათი; გეთი იმეჯის

ტაძარში სიარული ღირს იმად, რომ არ დაიშურო ძალისხმევა. პრეზიდენტმა რასელ ნელსონმა გვასწავლა, რომ „ტაძარი აუცილებელია ჩვენი და ჩვენი ოჯახების ხსნისა და ამაღლებისთვის.

„… ყოველ ჩვენგანს სჭირდება უწყვეტი სულიერი გაძლიერება და განსწავლა, რაც მხოლოდ უფლის სახლშია შესაძლებელი“.1

ტაძარში სიარული მოითხოვს ჩვენგან დროის, ვალდებულებებისა და რესურსების მართვას, ასევე სულიერ მზადებას. ჩვენ ვუწევთ ჩვენს დებსა და ძმებს მზრუნველობას მაშინ, როცა ვხედავთ ბარიერებს, რომლების გამოც ისინი არ დადიან ტაძარში და ვეხმარებით მათ გამოსავლის მოძებნაში.

ტაძარი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი კურთხევა

ცოტა ხნის წინ მისიიდან დაბრუნებული მეგი ჰავაიის კონოას ტაძრისკენ მიეშურებოდა, როცა მან გარეთ სკამზე მარტო მჯდომი ახალგაზრდა ქალი შეამჩნია. მეგიმ იგრძნო, რომ უნდა დალაპარაკებოდა ამ ახალგაზრდა ქალს, მაგრამ ზუსტად არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. ასე რომ მან იმ ახალგაზრდა ქალს ჰკითხა, რას ნიშნავდა მის კოჭზე გაკეთებული სვირინგი. ამით დაიწყო საუბარი, რომელშიც იმ ახალგაზრდა ქალმა, ლანიმ, თავისი ამბავი მეგის გაუზიარა.

ლანიმ უამბო მეგის იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც მან გაიარა, სანამ სრულად დაბრუნდებოდა ეკლესიაში; მოუყვა მას კეთილი წევრების შესახებ, რომლებიც ეხმარებოდნენ მას და გამოთქვა იმედი, რომ როდესმე შეძლებდა თავის პატარა გოგონასთან ჩაბეჭდვას.

მეგიმ დაპატიჟა ლანი, შემოსულიყო მასთან ერთად ტაძარში და მოსაცდელში დამჯდარიყო. ისინი ჯერ ვერ შევიდოდნენ ტაძრის სიღრმეში, მაგრამ ზღურბლს ხომ გადააბიჯებდნენ. ლანი დათანხმდა და ისინი ერთად შევიდნენ ტაძარში მთავარი შესასვლელიდან. ტაძრის მუშაკმა ისინი მხსნელის სურათის ქვეშ მდგომ სკამზე დასვა.

ცოტა ხანში ლანიმ მეგის ჩასჩურჩულა: „ძალიან მინდოდა დღეს ტაძარში შესვლა, მაგრამ ვნერვიულობდი“. რადგან მეგი სულიწმინდის კარნახს მიჰყვა, იგი დაეხმარა ლანის, პასუხი მიეღო ჩუმ ლოცვაზე.

როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სატაძრო რეკომენდაცია

მათაც კი, ვისაც არ აქვთ სატაძრო რეკომენდაცია, შეუძლიათ, მიიღონ ტაძრის კურთხევები.

  • გაუზიარეთ თქვენი გრძნობები იმის შესახებ, როგორ დაგლოცათ უფალმა სატაძრო სამუშაოს შესრულების მეშვეობით.

  • დაეხმარეთ ვინმეს, დაესწროს ტაძრის ღია კარის დღეს ან მნახველთა ცენტრს. ღია კარის დღეების მოძებნა შეგიძლიათ temples.ChurchofJesusChrist.org.

  • იხილეთ ტაძრის სურათები და შეიტყვეთ მეტი მათ შესახებ საიტზე temples.ChurchofJesusChrist.org.

გაუადვილეთ სხვებს ტაძარში სიარული

რეკომენდაციის მქონე წევრებისათვისაც კი ტაძარში შესვლა შეიძლება არ იყოს ადვილი. ზოგს დიდი მანძილის გადალახვა დასჭირდება. სხვებს შეიძლება პატარა ბავშვები ჰყავდეთ ან მოხუცებული ოჯახის წევრები, რომლებიც ზრუნვას საჭიროებენ. ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ სატაძრო მსახურება ყველასათვის შესაძლებელი გავხადოთ.

ლეოლა ჩანდლერი ძალიან გადატვირთული იყო ოთხი შვილისა და ავადმყოფი მეუღლის მოვლით. ამითომ მან გადაწყვიტა, ყოველ სამშაბათს გამოეყო დრო, უახლოეს ტაძარში სასიარულოდ. ეს მის ცხოვრებაში სიმშვიდისა და ძალის წყარო გახდა.

ერთხელ მან გაიგო, რომ რამდენიმე ასაკოვან დას მის მეურვეობაში ტაძარში შესვლა უნდოდა, მაგრამ მათ ტრანსპორტირების საშუალება არ ჰქონდათ. ლეოლამ მათ თავისი მანქანით წაყვანა შესთავაზა. ამის შემდეგ 40 წლის განმავლობაში იგი იშვიათად დადიოდა ტაძარში მარტო.2

ლეოლამ თავად მიიღო დალოცვა და სხვებიც დალოცა, როცა მათ ტაძარში წაყვანა შესთავაზა.

როგორ დავეხმაროთ სხვებს, შევიდნენ ტაძარში

როგორ დაეხმაროთ სხებს, უფრო ხშირად იარონ ტაძარში? შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს იდეები თქვენც დაგეხმარებათ.

  • იარეთ ერთად. დაეხმარეთ სხვებს ტრანსპორტირებაში. შეიძლება ეს ვიღაცისთვის გახდეს ბიძგი იმისთვის, რომ დაიწყოს ტაძარში სიარული.

  • სთხოვეთ ოჯახის ან მეურვეობის წევრებს დაგეხმარონ, ჩაატაროთ თქვენი წინაპრებისთვის წეს-ჩვეულებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამისათვის უკვე ბევრი სახელი გაქვთ შეგროვებული.

  • დაიტოვეთ ბავშვები, რათა მშობლებმა შეძლონ ტაძარში წასვლა. ან რიგრიგობით დაიტოვეთ ერთმანეთის შვილები.

როცა ტაძარი შორს არის

ჩანდრადას „როშან“-მა და შერონ ენტონიმ შრი-ლანკიდან (კოლომბო) გადაწყვიტეს, ჩაბეჭდილიყვნენ ტაძარში. მათ მეგობრებს, ენ და ენტონ კუმარასამებს ძალიან უხაროდათ ეს. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ფილიპინებზე მანილას ტაძარში წასვლა არც ადვილი და არც იაფი არ იქნებოდა.

როშანიც და შერონიც თვეების განმავლობაში აგროვებდნენ ფულს და წინასწარ დაჯავშნეს თვითმფრინავის ბილეთები. და აი დადგა ის დღეც. თუმცა, მალაიზიაში გადაჯდომის დროს მათ აღმოაჩინეს, რომ ფილიპინებში მოსახვედრად სჭირდებოდათ ვიზა ან სხვა კომპანიის თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყვნენ. ვიზის მიღება შეუძლებელი იყო, სხვა რეისზე ბილეთებს კი ისინი ვერ შეწვდებოდნენ. მაგრამ ვერ ელეოდნენ იმ აზრს, რომ სახლში დაბრუნდებოდნენ ჩაბეჭდვის გარეშე.

როშანმა აღარ იცოდა, რა ექნა და დაურეკა ენტონს. ენტონის და ენის ძალიან უნდოდათ, დახმარებოდნენ. ისინი იმ რამდენიმე წყვილს შორის იყვნენ შრი-ლანკაში, რომლებიც ტაძარში იყვნენ ჩაბეჭდილები და იცოდნენ, რა დალოცვა იყო ეს. მაგრამ ისინი სულ ცოტა ხნის წინ დაეხმარნენ გაჭირვებულ ნათესავს და არ ჰქონდათ იმის საშუალება, დახმარებოდნენ როშანსა და შერონს სხვა რეისზე ბილეთების შეძენაში.

შრი-ლანკაში არის წესი, რომლის თანახმადაც ნეფე ჩუქნის დედოფალს ოქროს ჯაჭვს, რათა მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მას ჰქონდეს რაღაც თანხა. ენმა გადაწყვიტა, გაეყიდა თავისი ჯაჭვი, რათა იმ წყვილს ბილეთების შეძენაში დახმარებოდა. მისი გულუხვი საჩუქრის წყალობით როშანმა და შერონმა შეძლეს მანილას ტაძარში შესვლა.

„მე ვიცი სატაძრრო ჩაბეჭდვის ფასი“, - თქვა ენმა. „მე ვიცოდი, რომ შერონი და როშანი იქნებოდნენ ძალიან დიდი ძალა თავიანთი მრევლისთვის. მე არ მინდოდა, რომ მათ ეს შანსი დაეკარგათ“.3

როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც ვერ მიდის ტაძარში

შეიძლება მოგიწოდონ, გაუწიოთ მზრუნველობა მათ, ვინც ხშირად ვერ დადის ტაძარში ან საერთოდ ვერ მიდის მანძილისა ან უსახსრობის გამო. მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ, დაეხმაროთ მათ, იყვნენ მადლიერები სატაძრო კურთხევებისთვის.

  • ერთად მიიღეთ მონაწილეობა სატაძრო მზადების ან ოჯახური ისტორიის გაკვეთილების ჩატარებაში.

  • მიეცით მათ რომელიმე ტაძრის კედელზე ჩამოსაკიდი სურათი.

  • თუ თავად ნამყოფი ხართ ტაძარში, გაუზიარეთ თქვენი გრძნობები და დამოწმება სატაძრო წეს-ჩვეულებების შესახებ.

  • დაეხმარეთ მათ, უკეთ გაერკვიონ დადებულ აღთქმებში და დაიცვან ისინი. შეგიძლიათ გამოიყენოთ „Understanding Our Covenants with God: An Overview of Our Most Important Promises,” in the July 2012 ლიახონა.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson, “Becoming Exemplary Latter-day Saints,” Liahona, Nov. 2018, 114.

  2. See LaRene Gaunt, “Finding Joy in Temple Service,” Ensign, Oct. 1994, 8.

  3. ენიმ და ენტონიმ შეძლეს თავიანთი ჯაჭვის დაბრუნება ეკლესიის ტაძარში მოსიარულეთა დახმარების გენერალური ფონდის წყალობით, რომელიც უწევს ერთჯერად დახმარებას ეკლესიის იმ წევრებს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ ტაძარში წასვლას.