მზრუნველობის პრინციპები, 2019 წ. აპრილი
ავავსოთ სიხარულით მზრუნველობა
სიყვარულით მსახურებას მოაქვს სიხარული როგორც გამცემისვის, ასევე მიმღებისთვის.
ზოგჯერ ჩვენი ბედნიერების ძიება ამ ცხოვრებაში სარბენ ბილიკს მოგვაგონებს . ჩვენ მივრბივართ, მივრბივართ და მაინც ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ერთ ადგილას ვდგავართ. ზოგიერთისთვის მზრუნველობა არის დამატებითი ტვირთი.
მაგრამ ჩვენს ზეციერ მამას სურს, რომ სიხარული გვქონდეს და გვითხრა: „ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული„ (2 ნეფი 2:25). მხსნელმა გვასწავლა, რომ მზრუნველობა აუცილებელი ნაწილია იმისა, თუ როგორ შემოვიტანოთ სიხარული საკუთარ და სხვების ცხოვრებაში.
რა არის სიხარული?
სიხარული განისაზღვრება, როგორც „უდიდესი სიამოვნებისა და ბედნიერების გრძნობა“.1 უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველებმა მოგვცეს განმარტება იმაზე, საიდან მოდის სიხარული და როგორ მოიპოვება იგი. „სიხარული, რომელსაც განვიცდით, დიდად არ არის დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების ვითარებასთან და მთლიანად უკავშირდება ჩვენი ცხოვრების ფოკუსს“, - თქვა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა“. სიხარული მოდის იესო ქრისტესგან და ქრისტეს გამოისობით. იგი ყოველივე სიხარულის წყაროა“.2
მზრუნველობას მოაქვს სიხარული
როცა ლეხიმ დააგემოვნა სიცოცხლის ხის ნაყოფი, მისი სული „დიდი სიხარულით აივსო“ (1 ნეფი 8:12). მისი პირველი სურვილი იყო, გაეზიარებინა ეს ნაყოფი საყვარელი ადამიანებისთვის.
ჩვენს მზრუნველობის სურვილს შეუძლია ასეთი სიხარულის მოტანა ჩვენთვისაც და მათთვისაც. მხსნელი ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ ნაყოფი, რომელსაც ვიღებთ, როცა მასთან კავშირში ვართ, გვეხარება სიხარულის სისავსის მიღებაში (იხ. იოანე 15:1-11). სხვათა მსახურებისა და უფალთან მიყვანის საქმე შეიძლება გახდეს სასიამოვნო გამოცდილება (იხ. ლუკა 15:7; ალმა 29:9; მოძღვრება და აღთქმები 18:6; 50:22). ჩვენ შეგვიძლია ამ სიხარულის განცდა მაშინაც კი, როცა აღმოვჩნდებით ტანჯვისა და წინააღმდეგობის პირისპირ ( 2 კორინთელთა 7:4; კოლოსელთა 1:11).
მხსნელმა გვაჩვენა სრულყოფილი მაგალითი იმისა, რომ ჭეშმარიტი სიხარულის ერთ-ერთი წყარო მიწიერ ცხოვრებაში მოიპოვება მსახურებით. როცა მხსნელის მსგავსად მზრუნველობას ვუწევთ ჩვენს დებსა და ძმებს, გულში მოწყალებითა და სიყვარულით, ჩვენ შეგვიძლია, განვიცადოთ ისეთი სიყვარული, რომელიც უბრალო ბედნიერების ჩარჩოებს სცდება.
„როცა მზრუნველობას ვიღებთ მოსურნე გულით … ჩვენ უფრო დავემსგავსებით სიონის ხალხს და ვიგრძნობთ უდიდეს სიხარულს მათთან ერთად, ვისაც დავეხმარეთ მოწაფეობის გზაზე“, გვასწავლა ჯინ ბ. ბინგჰამმა, მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა.3
როგორ შეგვიძლია, გავხადოთ მზრუნველობა უფრო მეტად სასიხარულო?
არსებობს უამრავი ხერხი იმისთვის, რომ მზრუნველობაში უფრო მეტი სიხარული შემოვიტანოთ. აი რამდენიმე იდეა:
-
გაიაზრეთ თქვენი მიზანი მზრუნველობაში. არსებობს მრავალი მიზეზი მზრუნველობისთვის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მცდელობები შეესაბამება ღმერთის მიზანს – მოუვლინოს ადამიანებს უკვდავება და მარადიული ცხოვრება“. (მოსე 1:39). როცა ვიღებთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მოწვევას - დავეხმაროთ სხვებს აღთქმის გზაზე, შეგვიძლია მოვიპოვოთ სიხარული ღმერთის საქმის შესრულებაში მონაწილეობით.4 (თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ მზრუნველობის მიზნის შესახებ, იხ. „მზრუნველობის პრინციპები: მიზანი, რომელიც შეცვლის ჩვენს მზრუნველობას“, 2018 წ. იანვრის ლიახონა.)
-
აქციეთ მსახურების აზრად ადამიანები და არა დავალება. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა გვასწავლა: „არასოდეს არ გახადოთ პრობლემის მოგვარება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სიყვარული პიროვნების მიმართ“.5 მზრუნველობა ეხება ადამიანების მიმართ სიყვარულს და არა დავალებებს. როცა გავიზრდებით ისე, რომ მხსნელის მსგავსად შევძლებთ სიყვარულს, ჩვენ უფრო გავიხსნებით იმ სიხარულისთვის, რომელიც სხვებისთვის მსახურებიდან მოდის.
-
გავხადოთ მზრუნველობა მარტივი. პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მოქმედი პრეზიდენტი, გვეუბნება: „მცირე და მარტივი საფუძველს უდებს დიადს. … ჩვენი სიკეთისა და მსახურების პატარა და მარტივი ქმედებები დაგროვდება და გადაიზრდება მამაზეციერის მიმართ სიყვარულით სავსე ცხოვრებაში, უფალ იესო ქრისტეს საქმისადმი თავდადებაში და სიმშვიდისა და სიხარულის გრძნობაში ყოვველ ჯერზე, როცა ერთმანეთს მივწვდებით“.6
-
ჩამოაცილეთ მზრუნველობას სტრესი. თქვენ არ გევალებათ სხვისი ხსნა. ეს უკვე კონკრეტულ პირსა და უფალს შორის არსებული საქმეა. ჩვენ გვევალება, გვიყვარდეს ისინი და დავეხმაროთ მათ, მიუბრუნდნენ იესო ქრისტეს, რომელიც მათი მხსნელია.
არ გადადოთ მსახურების სიხარული
ზოგჯერ ადამიანები თავს იკავებენ და არ ითხოვენ საჭირო დახმარებას, ასე რომ ჩვენი მსახურების შეთავაზება შეიძლება ძალიან საჭირო იყოს. მაგრამ ძალის დატანება ჩვენი მხრიდან ასევე არ არის გამოსავალი. ძალიან კარგია, თუ მზრუნველობის გაწევამდე ნებართვას აიღებთ.
უხუცესმა დიტერ ფ. უხტდორფმა ტორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან მოგვიყვა მარტოხელა დედაზე, რომელსაც ჩუტყვავილა დაეწყო და შემდეგ შვილებსაც გადაედო. ყოველთვის მოწესრიგებული სახლი აირია. დაგროვდა ჭურჭელი და სარეცხი.
იმ მომენტში, როცა მან დაკარგულად იგრძნო თავი, მოწყალების საზოგადოების დებმა დაუკაკუნეს კარებზე. მათ არ უთქვამთ: „თუ დახმარება დაგჭირდათ, გაგვაგებინეთ“. როცა მათ სიტუაცია დაინახეს, მაშინვე ამოქმედდნენ.
„მათ სახლი დაალაგეს, სახლში სინათლე და სიწმინდე შემოიტანეს და მეგობარს დაურეკეს და სთხოვეს, მოეტანა ძალზედ საჭირო სურსათი. როცა მათ დაამთავრეს მუშაობა და დაემშვიდობნენ ახალგაზრდა დედას, მას თვალზე ცრემლი ადგა - მადლიერებისა და სიყვარულის ცრემლი“.7
როგორც გამცემებმა, ასევე მიმღებებმა იგრძნეს სიხარულის სითბო.
გაზარდეთ სიხარული თქვენს ცხოვრებაში
რაც უფრო მეტ სიხარულს, სიმშვიდეს და კმაყოფილებას მოვიპოვებთ ცხოვრებაში, მით უფრო მეტის გაზიარებას შევძლებთ მზრუნველობისას. სულიწმინდას მოაქვს სიხარული (იხ. გალატელთა 5:22 და მოძღვრება და აღთქმები 11:13). ეს არის ის, რისთვისაც შეიძლება ვილოცოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 16:29) და მოვიწვიოთ ჩვენს ცხოვრებაში. აი რამდენიმე იდეა ცხოვრებაში სიყვარულის გასაზრდელად:
-
ჩამოთვალე შენი ყველა კურთხევა. როცა გადახედავთ თქვენს ცხოვრებას, ჩაიწერეთ დღიურში ღმერთის დალოცვები.8 შეამჩნიეთ თქვენს ირგვლივ ყოველი კეთილი.9 მიაქციეთ ყურადღება იმას, რა გიშლით ხელს სიხარულის განცდაში და ჩაიწერეთ ამ დაბრკოლებების უკეთ გაგების ან მოგვარების ხერხები. ამ აღდგომის სეზონს, გამოძებნეთ დრო, რათა უკეთ დაუკავშირდეთ მხსნელს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 101:36).
-
ხშირად გააცნობიერეთ. ჩუმი გააზრების დროს სიხარული უფრო ადვილად გიპოვით.10 დაუკვირდით, რა გახარებთ (იხ. 1 ნეშტთა 16:15). ზოგჯერ გაცნობიერებისთვის საჭიროა მედიასგან ჩამოშორება.11
-
ეცადეთ, არ შეადაროთ თავი არავის. ნათქვამია, რომ შედარება სიხარულს იპარავს. პავლე მოციქული გვაფრთხილებდა, რომ ისინი, ვინც „თავისი თავით ზომავენ თავს და თავიანთ თავს თავის თავთან ადარებენ“ უჭკოდ იქცევიან. (2 კორინთელთა 10:12).
-
პირადი გამოცხადების ძიება. მხსნელი გვასწავლიდა: “თუ სთხოვთ, მიიღებთ გამოცხადებას გამოცხადებაზე, მცნებას მცნებაზე, რათა იცოდეთ საიდუმლოებანი და ის, რაც სიმშვიდეს მოგგვრით, რასაც მოაქვს სიხარული და მარადიული ცხოვრება.” (მოძღვრება და აღთქმები 42:61).
მოწვევა მოქმედებისკენ
როგორ შეგიძლიათ, გაზარდოთ სიხარული, რომელსაც პოულობთ ცხოვრებაში მზრუნველობის მეშვეობით?
© 2019 by Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in USA. English approval: 6/18. Translation approval: 6/18. Translation of Ministering Principles, April 2019. Georgian. 15765 131