გენერალური კონფერენცია
ქრისტე აღსდგა: მასში რწმენა მთებს გადააადგილებს
2021 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ქრისტე აღსდგა: მასში რწმენა მთებს გადააადგილებს

რწმენა იესო ქრისტეში არის ყველაზე დიდი ძალა, რომელზედაც ამ ცხოვრებაში მიგვიწვდება ხელი. ყველაფერი შესაძლებელია მათთვის, ვისაც სწამთ.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლიერი ვარ ამ პრივილეგიისთვის, სიტყვით მოგმართოთ ამ აღდგომის კვირას.1 იესო ქრისტეს გამომსყიდველმა მსხვერპლმა და აღდგომამ ყოველი ჩვენგანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ჩვენ გვიყვარს იგი და მადლიერებით თაყვანს ვცემთ მას და მამაზეციერს.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ვაგრძელებდით მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლას. აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და სულიერი ძალით, როცა გიწევდათ ავადმყოფობის, დანაკარგის ან იზოლაციის ატანა. მე გამუდმებით ვლოცულობ იმაზე, რომ ყოველივე ამასთან გამკლავების დროს გრძნობდეთ უფლის უწყვეტ სიყვარულს თქვენ მიმართ. თუ თქვენ საკუთარი სირთულეების გამო უფრო მტკიცე მოწაფე გახდით - ამ ბოლო წელს ამაოდ არ ჩაუვლია.

ამ დილით ჩვენ მოვუსმინეთ ეკლესიის ხელმძღვანელებს დედამიწის ყოველი დასახლებული კუთხიდან. ჭეშმარიტად, სახარების დალოცვები ყოველი ერის, ენისა და ხალხისთვისაა განკუთვნილი. იესო ქრისტეს ეკლესია საერთაშორისო ეკლესიაა. იესო ქრისტე ჩვენი წინამძღვარია.

საბედნიეროდ, პანდემიამაც კი ვერ შეანელა მისი ჭეშმარიების მარში. იესო ქრისტეს სახარება არის ზუსტად ის, რასაც საჭიროებს ეს დაბნეული, კამათის მოყვარული, გადაღლილი სამყარო.

ღმერთის ყოველი შვილი იმსახურებს, მოისმინოს და მიიღოს იესო ქრისტეს მკურნალი, გამომსყიდველი გზავნილი. არც ერთი სხვა გზავნილი არ არის ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ბედნიერებისთვის - არც ახლა და არც ოდესმე მომავალში.2 არცერთი სხვა გზავნილი არ არის უფრო იმედის მომტანი. არცერთი სხვა გზავნილი არ შეამცირებს კამათს ჩვენს საზოგადოებაში.

რწმენა იესო ქრისტეში არის სარწმუნოების საფუძველი და ღვთიური ძალის გამტარი. პავლე მოციქულის თქმით, „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“.3

ყოველივე კეთილი ცხოვრებაში, ყოველი მარადიული მნიშვნელობის პოტენციური კურთხევა, იწყება რწმენით. იმისთვის, რომ ღმერთს მივანდოთ პირველობა, ჩვენ უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვიწამოთ: მას სურს, წინ გაგვიძღვეს. ჭეშმარიტი მონანიება იწყება რწმენით, რომ იესო ქრისტეს აქვს განწმენდის, განკურნებისა და ჩვენი გაძლიერების ძალა.4

„არ უარყოთ ღმერთის ძალა“ - განაცხადა წინასწარმეტყველმა მორონიმ, „ ვინაიდან იგი მოქმედებს ძალით, ადამიანთა შვილების რწმენის შესაბამისად“. .5 ჩვენი რწმენა გზას უხსნის ღვთის ძალას ჩვენს ცხოვრებაში.

თუმცა, რწმენის გამოვლენა შეიძლება მძიმე მოგვეჩვენოს. ზოგჯერ დავფიქრდებით იმაზე, შეგვიძლია კი იმდენი რწმენის გამოვლენა, რომ მივიღოთ ყველა ის დალოცვა, რომელიც ასე სასოწარკვეთილად გვჭირდება. თუმცა უფალმა ღმერთმა ამ შიშს ბოლო მოუღო წინასწარმეტყველ ალმას სიტყების მეშვეობით მორმონის წიგნიდან:

გამოსახულება
მდოგვის მარცვალი

ალმა გვთხოვს, უბრალოდ გამოვცადოთ სიტყვა და „გამოვავლინოთ მცირეოდენი რწმენა, რომ გვქონდეს დაჯერების თუნდაც სურვილი“.6 ფრაზა „მცირეოდენი რწმენა“ მახსენებს უფლის ბიბლიურ დაპირებას: „ მდოგვის მარცვლისოდენარწმენაც რამ გქონდეთ“, როცა შევძლებდით, გვეთქვა ამ მთისთვის: „აქედან იქით გადადი და იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“.7

გამოსახულება
ჩიტი მდოგვის მარცვლებში

უფალს ესმის ჩვენი მიწიერი სისუსტეები. ჩვენ ყველანი პერიოდულად ვყოყმანობთ. მაგრამ მან იცის ჩვენი დიდი პოტენციალი. მდოგვის მარცვალი პატარაა, მაგრამ იზრდება იმხელა, რომ მასში ჩიტები ბუდობენ. მდოგვის მარცვალი წარმოადგენს მცირე, მაგრამ მზარდ რწმენას.8

უფალი არ ითხოვს ჩვენგან სრულყოფილ რწმენას იმისთვის, რომ მისი სრულყოფილი ძალა ჩვენთივს ხელმისაწვდომი გახდეს. მაგრამ იგი გვთხოვს, გვწამდეს.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ამ აღდგომის დილას მოგიწოდებთ: დღეიდან დაიწყეთ რწმენის გაძლიერება. თქვენი რწმენის მეშვეობით იესო ქრისტე გაზრდის თქვენს უნარს, გადააადგილოთ მთები თქვენს ცხოვრებაში,9 თქვენი პირადი გამოწვევები ევერესტის ხელაც რომ იყოს.

თქვენი მთები შეიძლება იყოს მარტოობა, ეჭვი, ავადმყოფობა ან რომელიმე სხვა პირადი პრობლემა. თქვენ სხვადასხვა მთები შეგხვდებათ, მაგრამ ყოველ თქვენს გამოწვევაზე პასუხი იქნება რწმენის გაღრმავება. ამას შრომა სჭირდება. ზარმაც მოსწავლესა და სუსტ მოწაფეს ყოველთვის გაუჭირდება რწმენის მცირეოდენისაც კი მოკრება.

ნებისმიერი რამ, რაც კარგად კეთდება, ძალისხმევას მოითხოვს. იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეობა გამონაკლისი არ არის. მასში რწმენისა და ნდობის გაზრდა გარკვეულ მცდელობებს მოითხოვს. ნება მიბოძეთ, მოგცეთ ხუთი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ამ რწმენისა და ნდობის განვითარებაში.

პირველი: სწავლა. გახდით ინტერესიანი მოსწავლე. ჩაიძირეთ წმინდა წერილში, რათა უკეთ გაიგოთ ქრისტეს მისია და მსახურება. იცოდეთ ქრისტეს სწავლება, რათა შეძლოთ, გაიგოთ მისი ძალა თქვენს ცხოვრებაში. გაითავისეთ ის ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა თქვენგეხებათ. მან თავის თავზე აიღო თქვენი მწუხარება, თქვენი შეცდომები, თქვენი სისუსტეები და თქვენი ცოდვები. მან დაფარა თქვენი ვალი და უზრუნველყო ძალა, რომლითაც შეგიძლიათ, გადააადგილოთ ყოველი მთა, რომელიც გზად შეგხვდებათ. თქვენ მიიღებთ ამ ძალას თქვენი რწმენით, ნდობითა და მზაობით, იაროთ მის კვალზე.

მთების გადაადგილებას შესაძლოა სასწაული დასჭირდეს. შეიტყვეთ სასწაულების შესახებ. სასწაულები ხდება თქვენი უფალში რწმენის შესაფერისად. ამ რწმენის ცენტრალური ნაწილია, იწამო ღმერთის ნება და დრო ანუ ის, როგორ და როდის დაგლოცავთ იგი იმ სასწაული დახმარებით, რომლის მიღებაც გსურთ. მხოლოდ თქვენი რწმუნოება თუ შეუშლის ხელს ღმერთს, დაგლოცოთ მთების გადაადგილების სასწაულებით თქვენს ცხოვრებაში.10

რაც უფრო მეტს სწავლობთ მხსნელის შესახებ, მით უფრო ადვილად დაიჯერებთ მის მოწყალებას, უსასრულო სიყვარულსა და გამაძლიერებელ, სამკურნალო, გამომსყიდველ ძალას. არასოდეს არ არის მხსნელი თქვენთან ისე ახლოს, როგორც იმ დროს, როცა რწმენითმთის წინაშე აღმოჩნდებით ან მთაზე ადიხართ.

მეორე: გააკეთეთ არჩევანი, იწამოთ იესო ქრისტე. თუ ეჭვი გეპარებათ მამაღმერთსა და მის საყვარელ ძეში, ან აღდგენის ჭეშმარიტებაში, ან ჯოზეფ სმითის, როგორც წინასწარმეტყველის, ღვთიურ მოწოდებაში, გააკეთეთ არჩევანი, დაიჯეროთ11 და დარჩეთ ერთგულნი. დაუსვით კითხვები უფალს და სხვა სანდო წყაროს. ისწავლეთ სურვილით, დაიჯეროთ და არა იმედით, რომ იპოვით რაიმე ნაკლს წინასწარეტყველის ცხოვრებაში ან შეუსაბამობას წმინდა წერილში. ნუ გაზრდით ეჭვებს იმით, რომ სხვა ეჭვის მქონე პირებთან დაიწყებთ ამაზე კვლავ და კვალვ საუბარს. ნება დართეთ უფალს, წინ გაგიძღვეთ თქვენი სულიერი ძიების მოგზაურობაში.

მესამე: იმოქმედეთ რწმენით. რას მოიმოქმედებდით, მეტი რწმენა რომ გქონოდათ? დაფიქრდით ამაზე. ჩაიწერეთ თქვენი მოსაზრებები. შემდეგ მიიღეთ მეტი რწმენა და ეს შესაძლებელი გახდება, თუ გააკეთებთ რამეს, რაც უფრო მეტ რწმენას მოითხოვს.

მეოთხე: ღირსეულად მიიღეთ წმინდა წეს-ჩვეულებები . წეს-ჩვეულებები გაგიხსნით ღვთის ძალის მიღების არხს ცხოვრებაში.12

და მეხუთე: სთხოვეთ მამაზეციერს დახმარება იესო ქრისტეს სახელით.

რწმენა შრომას მოითხოვს. გამოცხადების მიღება შრომას მოითხოვს. მაგრამ „ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; და ვინც ეძებს – პოულობს და ვინც რეკავს – გაეღება“.13 ღმერთმა იცის, რა დაეხმარება თქვენს რწმენას ზრდაში. სთხოვეთ, შემდეგ ისევ სთხოვეთ.

ურწმუნომ შეიძლება თქვას, რომ რწმენა სუსტებისთვისაა. მაგრამ ეს მტკიცებულება არ ითვალისწინებს რწმენის ძალას . გააგრძელებდნენ მხსნელის მოციქულები მისი სწავლების ქადაგებას სიცოცხლის ფასად, მასში ეჭვი რომ ჰქონოდათ?14 შეწირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს ჯოზეფი და ჰაირამ სმითი უფლის ეკლესიის აღდგენის დასაცავად, რომ არა მტკიცე დამოწმება, რომ იგი ჭეშმარიტია? დაიხოცებოდა დაახლოებით 2 000 წმინდანი პიონერი გზაში,15 რამე ეჭვი რომ ჰქონოდათ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების შესახებ? ჭეშმარიტად, რწმენა არის ძალა, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის .

ნუ დაიყვანთ მინიმუმამდე თქვენში უკვე არსებულ რწენას. იმისთვის, რომ ეკლესიას შეუერთდე და მისი ერთგული გახდე, რწმენაა საჭირო. იმისთვის, რომ წინასწარმეტყველს უფრო დაუჯერო, ვიდრე ექსპერტებსა და პოპულარულ მოსაზრებებს, რწმენაა საჭირო. პანდემიის დროს მისიაში მსახურებისთვის რწმენაა საჭირო. იმისთვის, რომ პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრო მაშინ, როცა სამყარო ყვირის, რომ ღმერთის უმანკოების კანონი მოძველებულია, რწმენაა საჭირო. იმისთვის, რომ საერო სივრცეში შვილებს სახარება ასწავლო, რწმენაა საჭირო. რწმენაა საჭირო, ევედრებოდე საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და უფრო მეტი რწმენა - მიიღო არასასურველი პასუხი.

ორი წლის წინ მე და და ნელსონი ვეწვიეთ სამოას, ტონგას, ფიჯისა და ტაიტის. ამ კუნძულებზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეუჩერებლად წვიმდა. წევრები ლოცულობდნენ და მარხულობდნენ იმისთვის, რომ მათი ღია ცის ქვეშ დაგეგმილი შეკრება წვიმას არ ჩაეშალა.

სამოაში, ფიჯიზე და ტაიტიზე წვიმა შეწყდა ზუსტად შეკრების დაწყებისთანავე. მაგრამ ტონგაში წვიმა არ შეწყვეტილა. ამის მიუხედავად, 13 000 წმინდანი მაინც რამდენიმე საათით ადრე მოვიდა, რომ ადგილი შეხვედროდათ. ისინი მოთმინებით ელოდებოდნენ კოკისპირული წვიმის ქვეშ და შემდეგ ორსაათიან შეხვედრასაც გაუძლეს.

გამოსახულება
ტონგას წმინდანები წვიმაში

ამ კუნძულზე მცხოვრებ თითოეულ პირში ძლიერი რწმენა ვიხილეთ - ისეთი რწმენა, რომელიც წვიმას შეაჩერებდა და რწმენა, რომელიც წვიმას გაუძლებდა, წვიმა რომ არ შემწყდარიყო.

მთები ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის არ გადაადგილდება ისე და იმ დროს, როცა ჩვენ გვინდა. მაგრამ ჩვენი რწმენა ყოველთვის წინ წაგვწევს. რწმენა ყოველთვის ზრდის ჩვენს წვდომას ღვთიურ ძალაზე.

იცოდეთ: ამ ქვეყნად ყველამ და ყველაფერმა, რასაც ენდობით, რომ გიღალატოს, იესო ქრისტე და მისი ეკლესია არასოდეს მიგატოვებენ. უფალს არასოდეს არ თვლემს და არც სძინავს.16 იგი იგივეა „გუშინ, დღეს და [ხვალ]“.17 მას არ დაავიწყდება თავისი აღთქმები,18 დაპირებები ან სიყვარული თავისი ხალხის მიმართ. იგი ახდენს სასწაულებს დღეს და ხვალაც მოახდენს მათ.19

რწმენა იესო ქრისტეში არის ყველაზე დიდი ძალა, რომელზედაც ხელი მიგვიწვდება ამ ცხოვრებაში. ყველაფერი შესაძლებელია მათთვის, ვისაც სწამთ.20

თქვენი მასში მზარდი რწმენა მთებს გადააადგილებს - არა ქვის მთებს, რომლებიც დედამიწას ამშვენებს, არამედ უბედურების მთებს თქვენს ცხოვრებაში. თქვენი აყვავებული რწმენა დაგეხმარებათ, გამოწვევები უპრეცედენტო ზრდისა და შესაძლებლობების წყაროდ აქციოთ.

ამ აღდგომის კვირა დღეს, ღრმა სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით, მე ვაცხადებ ჩემს დამოწმებას, რომ იიესო ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა. იგი აღსდგა, რათა მართოს თავისი ეკლესია. იგი აღსდგა, რათა დალოცოს ყოველი ღვთის შვილი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი. მასში რწმენით ჩვენ შევძლებთ საკუთარ ცხოვრებაში მთების გადაადგილებას. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.